30 წლის წინ, 1987 წლის თებერვალში კინომსახიობთა თეატრი
მადრიდის ფესტივალზე გაემგზავრა. დღეს მიხეილ თუმანიშვილის დაბადების დღეა!
| მიხეილ თუმანიშვილი და გიორგი ტოვსტონოგოვი |
როცა გიორგი ტოვსტონოგოვმა მიხეილ თუმანიშვილის „დონ
ჟუანი“ ნახა, მადრიდის ფესტივალის ესპანელ იმპრესარიოს, საბჭოთა თეატრების წარმოდგენებიდან
სწორედ ქართული სპექტაკლის მიწვევა ურჩია. კინომსახიობთა თეატრის ესპანეთში გასტროლებიდან
დაიწყო „დონ ჟუანის“ მოგზაურობა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. მიხეილ თუმანიშვილმა და
მისმა დასმა ქართულ თეატრს სახელი მოუხვეჭა. ქართული დასის გარდა მადრიდის ფესტივალზე
ჩასული იყო პოლონეთის, ინგლისის, არგენტინის, იაპონიის, ჰოლანდიის თეატრები.
დასებს შორის გაიმართა ნამდვილი შეჯიბრი, თუმც პირველი, მეორე თუ მესამე ადგილები არ
იყო განსაზღვრული. მიხეილ თუმანიშვილი ქალაქის მერთან გამართულ პრესკონფერენციას ესწრებოდა,
სადაც მერმა ბრძანა: „ეს იმისათვის კეთდება, რომ ესპანეთის თეატრალური კულტურა და თეატრალური პრესტიჟი ამაღლდეს“. აი, რა უამბო მსმენელს ესპანეთში მოგზაურობის
შესახებ ბატონმა მიხეილ თუმანიშვილმა.
ესპანეთში ჩემი ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ველასკესთან და ბებერ გოიასთან შეხვედრა იყო. ეს არის ყველაზე დიდი შთაბეჭდილება, რაც მივიღე მადრიდში ყოფნისას. თქვენ ალბათ თეატრის შესახებ გინდათ, არა?
არა, ყველაფერი მაინტერესებს...
აი, ეს იყო ყველაზე დიდი შთაბეჭდილება, იმიტომ რომ ასეთ უზარმაზარ
ფერწერულ ხელოვნებას არ მოველოდი. ასე რომ, როცა მე მეკითხებიან ესპანეთზე, პირველ რიგში ამაზე ვლაპარაკობ, იმიტომ რომ ეს არის მართლაც უძლიერესი შთაბეჭდილება და მართლაც დიდი იმპულსი იმისათვის, რომ კიდევ რაღაცა გავაკეთო.
![]() |
| სცენა სპექტაკლიდან „დონ ჟუანი“ |
რაც შეეხება თეატრს - ჩვენ გასტროლებს, ამბობენ რომ კარგად ჩატარდა, დიდი წარმატებით. ძალიან დიდი კონტაქტი დამყარდა მაყურებელსა და სცენას შორის. „დონ ჟუანი“ ოთხჯერ ვითამაშეთ და მადრიდში უფრო უკეთესად ვგრძნობდით თავს, იმიტომ რომ სცენა, მაყურებელთა დარბაზი, მთელი თეატრი საჩვენო იყო. შედარებით უფრო პატარა. ბილბაოში ნაკლებად კარგად ვგრძნობდით თავს, იმიტომ რომ მართალია იქ არაჩვეულებრივი მარმარილოს სასახლე იყო, მაგრამ ის უფრო ფილარმონიის დარბაზს ჰგავდა ან საოპერო თეატრისთვის იყო განკუთვნილი. ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეჩვენებოდა, რომ ბილბაოში ისეთი ძლიერი კონტაქტი არ შედგა, როგორც მადრიდში. ბევრი მაყურებელი მოდიოდა, მეგობრული ატმოსფერო იყო, ყველა იღიმებოდა, გვეხვეოდა, გვკოცნიდა და ძალიან პათეტიკურ სიტყვებს გვეუბნებოდა, რომ - „ასეთები ხართ, ისეთები.“
ბატონო
მიხეილ, ესპანეთში ალბათ სხვა სპექტაკლებსაც ესწრებოდით?
ესპანეთში ვნახე საინტერესო სპექტაკლი „ზაფხულის ღამის სიზმარი“ და ძალიან მომეწონა. ძალიან საინტერესო იყო რეჟისურა, მაგრამ მსახიობების ხელოვნების, მათი ოსტატობის დონე იყო ძალიან მაღალი. ერთხელ დავდგი ეს პიესა და ვფიქრობდი, რომ მისი სხვანაირად დადგმა არ შეიძლებოდა, მაგრამ დავრწმუნდი რომ შეიძლება და ათჯერ უკეთესად შეიძლება. შექსპირის პიესის ინსცენირებამ, მისმა სცენურმა ცხოვრებამ ძალიან ამაღელვა, განსაკუთრებით მოხეტიალე წყვილებმა: ჰერმია, ლისანდრე, ელენე, დემეტრიოსი.
ჩვენ თეატრში არ გამოვიდა ისე, როგორც გვინდოდა (ბატონი მიშა, გულისხმობს რუსთაველის თეატრს), მაგრამ ახლა ვნახე როგორ უნდა იყოს გაკეთებული. ძალიან მომეწონა ეს სპექტაკლი. საშუალება რომ მქონდეს, კიდევ ორჯერ, სამჯერ ვნახავდი.
ვნახეთ ლორკას უკანასკნელი პიესა, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ავანგარდული სპექტაკლი იყო, ნაკლებად მომეწონა. იქ სადაც ცოტა უფრო ფორმალური პრობლემები აწუხებს რეჟისურას, მე ასეთი სპექტაკლები არ მიყვარს. იმავე თეატრის სცენაზე, სადაც ჩვენ ვთამაშობდით, ვნახეთ კიდევ ერთი სპექტაკლი ლოპე დე ვეგას „ვალენსიის ქვრივი“ - ძალიან სუსტი იყო.
![]() |
| მანანა ანთაძე, მიხეილ თუმანიშვილი (ესპანეთში, ინტერვიუზე) |
კიდევ რა გითხრათ? მაინც პრადო, ტოლედო... ველასკესი და გოია. ტოლედოში, ელ გრეკოს სახლში ვიყავით...
რატომ
მოეწონა ბატონ მიშას მადრიდი
კორიდაზე არ ვყოფილვარ, ჩვენი არტისტები წავიდნენ, არ მინდოდა წასვლა, ვიცოდი, ძალიან ვინერვიულებდი და არ წავედი.
მადრიდი ძალიან მომეწონა. ეს გრანდიოზული ქალაქია. უნდა გითხრათ, რომ პირველი ორი დღის განმავლობაში რაღაც არ მომეწონა - არეული ქალაქივით მომეჩვენა და ვინაიდან ვცხოვრობდით თეატრიდან მოშორებით და ამ ბულვარებზე ფეხით დავდიოდით, როცა ხალხს ვუყურებდი, მათ ქცევას, ყოფას ვაკვირდებოდი, მერე თანდათანობით, ძალიან მომეწონა. იმ ბულვარებზე არაჩვეულებრივი კარნავალი ვნახეთ... ყველიერის ტრადიციული კარნავალია, მაგრამ როგორ იყო ორგანიზებული, ვინ ღებულობდა მონაწილეობას და რა ხდებოდა ამ კარნავალის დროს, ეს მე მგონი ცალკე სალაპარაკოა. ეს იყო სამდღიანი კარნავალი. კარნავალზე ცალკე უნდა ვილაპარაკოთ როდესმე, იმიტომ რომ ეს არის უზარმაზარი რამ, გრანდიოზული თემაა, ჩემ სიცოცხლეში ასეთი არაფერი მინახავს...
რატომ არ უყვარდა თუმანიშვილს გასტროლები
მე წასვლა არ მინდოდა, იმიტომ რომ ისეთ ასაკში ვარ... დიდი არ ვარ, მაგრამ ჯანმრთელობის მხრივ... დამარწმუნეს, რომ თეატრისთვის საზღვარგარეთ წასვლა საჭირო იყო, თუნდაც იმისთვის, რომ მას ახალი იმპულსი მიეღო, მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სამშობლოში უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე და რომ თეატრი უნდა არსებობდეს თავისი ქუჩისთვის, თავისი უბნისთვის. მთავარი საქმე, მაინც ჩვენ თეატრში თამაშია და არა გასტროლებზე წასვლა. წასვლა შეიძლება ხანდახან, იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ რა დონეზე ვართ, იმისათვის რომ ჩვენი ნამუშევრები სხვების ნამუშევრებს შევადაროთ. თორემ, ისე სახლში მუშაობა ჯობია, აქ რეჟიმი გვაქვს, წესები, რომლის საფუძველზეც ჩვენი თეატრი მუშაობს და საინტერესო შთაბეჭდილებებს მაინც რეჟიმი აგროვებს და თუ ის ირღვევა, რაც შეგვიძლია, იმას ვერ ვაკეთებთ.
უნდა გითხრათ, რომ ჩვენი კოლექტივის ქცევით ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ძალიან მეშინოდა - აი, წავალთ საზღვარგარეთ და ვიღაცა რაღაცას გააკეთებს ან დისციპლინას ან რეჟიმს დაარღვევს... სულ ვჩხუბობდი, ვყვიროდი, მაგრამ აი, ჩამოვედით და ხაზგასმით ვამბობ, რომ კოლექტივი იდეალურად იქცეოდა და ეს იმას ნიშნავს, რომ ჯერჯერობით მას აქვს უნარი, რომ რაღაცა ახალი შექმნას და საერთოდ იარსებოს.
როგორ ფიქრობთ, რა იყო „დონ ჟუანის“ წარმატების მიზეზი, რამ მოხიბლა მაყურებელი?
ამაზე ზუსტი პასუხი ცოტა რთულია, მაგრამ მგონია, რომ ჯერ ერთი ჩვენი კოლექტივის ოსტატობის დონე... ყოველ შემთხვევაში, ვისთანაც მქონდა თარჯიმნის საშუალებით საუბრები - ყველა ერთსა და იმავეს ამბობდა და ხაზს უსვამდა, რომ ძალიან ნიჭიერი კოლექტივია - აი, ესაა ამ წარმატების ძირითადი, ასე ვთქვათ, მიზეზი.
![]() |
| დონ ჟუანი - ზურაბ ყიფშიძე |
და გაიგეს, ზუსტად ისე გაიგეს თქვენი „დონ ჟუანი“, როგორც თქვენ გინდოდათ?
იცით რა, რაღაც აქცენტები შეცვლილი იყო, ვინაიდან ფაქტიურად სპექტაკლის ასე ვთქვათ ფილოსოფიური კონსტრუქცია, მაყურებლამდე ნაკლებად მიდიოდა, იმიტომ რომ სიტყვა დაკარგული იყო. ჩვენ ეს გვაშინებდა იმიტომ რომ სინქრონული თარგმანი არ იყო. მაგრამ უნდა მოგახსენოთ, რომ როცა ლაურა რეხვიაშვილი პირველად სცენაზე გამოვიდა, ჩავიდა თავის ორმოში და ესპანურად რამდენიმე სიტყვა უთხრა მაყურებელს... იქ ვიღაც იჯდა პირველ რიგში და ჰკითხა: „ოჰ, გამარჯობა კარმენ, როგორ ხარ, როგორ ცხოვრობ? ჩვენ საქართველოდან ჩამოვედით, „ხორხეას“ ეძახიან, ხომ იცი სად არის ხორხეა?.. არ იცი? აუ, შორს არის, ძალიან შორს“ და აი, ამაზე მიდიოდა პირველი რეაქცია და მერე უკვე თავიდან ბოლომდე რეაქციები იყო. მიკვირდა - ბევრი იცინეს, გარდა ფინალისა. ნუ, ფინალში ხვდებოდნენ, რომ რაღაცა სერიოზული ხდება და ჩუმად ისხდნენ, თორემ ჩვენ თეატრში მიდის, როგორც ასე ვთქვათ ირონიული დრამა და იქ მიდიოდა, როგორც კომედია - რა თქმა უნდა როცა არტისტები გრძნობდნენ, რომ სიტყვას კარგავდნენ, ჯერ ფსიქოლოგიურ ჟესტს ხმარობდნენ და მერე, ბილბაოში ფსიქოლოგია დაიკარგა და მარტო ჟესტი დარჩა და არტისტებს ვეჩხუბებოდი...
ესე იგი, ესპანელი მაყურებელის კმაყოფილი ბრძანდებით?
არაჩვეულებრივი მაყურებელია... არ ვიცი, მე შეიძლება ვცდები, მაგრამ კონტაქტი პირველი წამიდან დამყარდა... არა! სულ დასაწყისში, წყვილი რომ მოდის და ერთმანეთს ეალერსებიან, ცოტა დაბნეულები იყვნენ, მაგრამ ლაურას გამოსვლიდან უკვე დაიწყო... მერე, იცით რა, ფოიეში თუ კულისებში ძალიან მეგობრულად გვექცეოდნენ, თითქოს ძველ მეგობრებს ვხვდებოდით, სულ გვეხვეოდნენ და იძახოდნენ უცნაურ სიტყვებს: „ფანტასტიკა!“ და რაღაცა-რაღაც. მე არ მიყვარს მაღალფარდოვანი ფრაზებით ლაპარაკი, მაგრამ მე მგონია, რომ მადრიდში ძალიან კარგად მიგვიღეს...
P. S. ამ სტატიის აუდიო-ვერსია შეიქმნა 1987 წელს, ახლანდელი
პირველი არხის რადიოს თეატრალური რედაქციის დავალებით, რომლის ხელმძღვანელი
იყო ქალბატონი შოვინა ქაცარავა. ქალბატონი შოვინა მაძლევდა უფლებას, მემუშავა კორესპონდენტად და მიხეილ თუმანიშვლთან არა ერთხელ ვყოფილვარ. ამ რედაქციაში ნაყოფიერად მოღვაწეობდა ქალბატონი მანანა
თევზაძე. ვინ ჩაწერა ეს ინტერვიუ - არც მე მახსოვს და არც მანანა თევზაძეს. ან ერთმა ჩაწერა ან მეორემ და შეიძლება, ბატონ მიშასთან ორივე ერთად ვიყავით...


